ეს არის რეპრესიების მორიგი ნაბიჯი, რასაც, მე დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება არ შეეგუება, - ამის შესახებ ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქეთა ციცქიშვილს არ მიეცა მტკიცებულებების გაცნობის საშუალებაც კი.

"ქეთა ციცქიშვილს არ მიეცა მტკიცებულებების გაცნობის საშუალებაც კი. ისე გაუშვეს პატიმრობაში, რომ ქეთას არც უნახავს ის მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც ედავებოდნენ მას სამართალდარღვევას. 

ეს არის რეპრესიების მორიგი ნაბიჯი, რასაც, მე დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება არ შეეგუება და თუ ვინმე ფიქრობს, რომ როგორც თავის დროზე ამბობდა ბიძინა ივანიშვილი -  ყველას ვერ დაიჭერენო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ იგივე სურათი გვაქვს დღეს.

თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ვერ დაიჭერენ, პირიქით, მონები დარჩებიან ასეთივე მონებად ნებისმიერი მთავრობის პირობებში, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები კი, ქეთას მსგავსად აუცილებლად მიაღწევენ საბოლოო გამარჯვებას", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ფორმულას" ჟურნალისტს ქეთა ციცქიშვილს 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით, 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

ქეთა ციცქიშვილის გარდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ოქტომბერს გზის გადაკეტვისთვის ან სახის დაფარვისთვის ციხეში 11 ადამიანი: ვახო სანაია, საბა ჯაფარიძე, ნინო ბერუაშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, ლევან ჯობავა, შალვა ჩუბინიძე, ლარა ნაჭყებია, ნინო სვანიძე, საბა ხომერიკი, ლევან მარგიანი და გიორგი ყიასაშვილი გაუშვა.

გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს: თორნიკე თხილავა, ლაშა ჩხარტიშვილი, გელა გამყრელიძე, მანუჩარ მაჭავარიანი და მამუკა კუპრეიშვილი.