ევროპაში რუსული დრონების ინციდენტები ახალი ნორმაა, რაც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის აქტივობის შემდგომ ესკალაციას აღნიშნავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ლაიფციგის აეროპორტში თავდასხმა რომ ბოლომდე განხორციელებულიყო, ეს უზარმაზარ ზიანს და შესაძლოა, სიცოცხლის დაკარგვასაც კი გამოიწვევდა.

"ევროპელები მკაცრი ჭეშმარიტების წინაშე დგანან, რომ ეს ახალი ნორმაა. ევროკავშირმა რუსეთის უგუნურებას უფრო სწრაფად და უკეთესად უნდა უპასუხოს. ევროპელებმა ყოველდღიური ინფრასტრუქტურა წინა ხაზზე არსებულ სამიზნეებად უნდა მიიჩნიონ და შესაბამისად დაიცვან ისინი. ჩვენ ევროპული უსაფრთხოების ახალ ეპოქაში ვართ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

თავის მხრივ მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთი „სულ უფრო და უფრო უგუნური“ გახდა, რადგან ის აგრძელებს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას, საფრთხე კი ახლა ევროპისა და ნატოს ტერიტორიაზე ვრცელდება. „რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხე აშკარაა“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

რუტეს მტკიცებით, თუ რუსეთი ფიქრობს, რომ ევროპა და ნატო გაიყოფა ან შეაჩერებს უკრაინის მხარდაჭერას ამ ბოლო საფრთხის ფონზე, ისინი ცდებიან.

"ჩვენი ერთიანობა ურყევია“, – აღნიშნა მან.