რუსეთის საჰაერო სივრცე დრონების გამო სამოქალაქო ავიაციისთვის სახიფათო ხდება, უკრაინა საერთაშორისო ავიაკომპანიებსა და სადაზღვევო კომპანიებს აფრთხილებს, გაითვალისწინონ ეს რისკები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის საჰაერო სივრცეში მოქმედ ყველა ავიაკომპანიასა და წამყვანი აეროპორტების სადაზღვევო კომპანიებს მიმართა და გააფრთხილა, რომ რუსეთის ცა "სრულიად სახიფათო ხდება".

"უკრაინა არ ემუქრება სამოქალაქო ავიაციას, როგორც ასეთს, არცერთ სამოქალაქო თვითმფრინავს. უბრალოდ, რუსეთის ცაზე დრონები ისე იფრენენ, რომ ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ, როგორც წესი და რიგია, არ იტყობინება, რუსეთის ცა დე ფაქტო მაინც ჩაიკეტება: რუსეთის მიერვე გაჩაღებული ომი კეტავს მის ცას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, ამიტომ ყველა პარტნიორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსეთის ცაზე "უსაფრთხოება დასრულდა".

"მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი უკრაინასა და მოსკოვში აკრედიტებულმა ელჩებმა მოისმინონ. თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცის, რას ნიშნავს რუსეთის ომი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და მათ ეს ინფორმაცია თავიანთ დედაქალაქებს უნდა მიაწოდონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს უნდა მოისმინონ შესაბამისმა ავიაკომპანიებმა, რომლებიც ამჟამად ძირითადად მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის და რუსეთის სხვა საკვანძო მიმართულებებზე ასრულებენ რეისებს.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთის ცაზე არსებული საფრთხეების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან. დრონებს შორის სამოქალაქო ავიაციას  ადგილი არ არის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანაა და გაიხსენა, რომ კიევი არ ესხმოდა თავს რუსეთის ტერიტორიას, როდესაც ამას პარტნიორები სთხოვდნენ.

"რუსეთის ცაზე უსაფრთხოება დაბრუნდება. ის დაბრუნდება მაშინ, როდესაც მშვიდობისკენ ნამდვილი პროგრესი დაიწყება. რუსეთის თავზე ცა ახლა დრონებისთვისაა და არა სამოქალაქო ავიაციისთვის, სანამ ომი მიმდინარეობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.