ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ძალიან ბევრი ჯარისკაცი და ფული დაკარგა, ახლა ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.

მისი თქმით, პუტინს უზარმაზარ ფასად უკრაინაში მცირე მიღწევები აქვს - გიჟური ომის გამო ასობით ათასი რუსი იღუპება, ამასთანავე, უკრაინა მამაცურად დგას და დასავლეთის მხარდაჭერაც მუშაობს.

"სიმართლე ისაა, რომ პუტინს ფული, იდეები და ჯარისკაცები ეწურება. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან კარგად თქვა, რომ ისინი იქ უნდა გაჩერდნენ, სადაც არიან. ახლა ზუსტად ის დროა, რომ რუსეთზე ზეწოლა გავზარდოთ, რათა უკრაინისთვის სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ“, - განაცხადა რუტემ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაახლოებით 1 135 080 ჯარისკაცი დაკარგა.