მთელი ამ 300 დღის განმავლობაში თვალყურს ვადევნებდით, რომ უმეტეს შემთხვევაში, ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისთვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა გზა მაინც იკეტებოდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, დაცული უნდა იყოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს, იმ ადამიანების გადაადგილების უფლებაც, ვინც რუსთაველზე მოძრაობს.

"შევეცდები, საზოგადოებას დავანახო ობიექტურად, სად გადის გამოხატვის უფლების საზღვრები, როდის არის შესაძლებელი, გადაიკეტოს გზა, როდის არის ეს კანონგარეშე არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც პროტესტი მიმდინარეობს. ზოგადად, გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანია. მთელი ამ 300 დღის განმავლობაში თვალყურს ვადევნებდით, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისთვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა გზა მაინც იკეტებოდა. მთავარია, პროპორცია იყოს დაცული. დაცული უნდა იყოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ, ამავე დროს, იმ ადამიანების გადაადგილების უფლებაც, ვინც რუსთაველზე მოძრაობს. არ შეიძლება, ათმა, ოცმა, გინდ ასმა კაცმა შეაფერხოს, გადაკეტოს გზა. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესმის ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის განმავლობაში. ამას ვერაფერს დავარქმევ, თუ არა, რომ მთავარი მოთხოვნა არის რუსთაველის გადაკეტვა, ეს არის ერთი წლის მანძილზე ადამიანთა რაღაც ჯგუფის აკვიატება, რაც კარგს არაფერს იძლევა. საბოლოო ჯამში, მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც იმოქმედებს იმ ადამიანებზეც, რომლებიც ქვეყანაში გამოვლენ სოციალური პრობლემებით, წამლებზე ფასების, შრომითი უფლების ან უკანონო მშენებლობების გამო და გააპროტესტებენ. ეს არის ყველაზე ცუდი და ეს მადარდებს ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, არცერთი ადამიანის დაკავება არ არის კარგი და არ მივესალმები. უმჯობესია, ეს ყველაფერი დასრულდეს დაკავებების, ჯარიმების გარეშე. ბუნებრივია, ასეთი რაღაცები სამწუხაროა, მაგრამ ეს არ არის საქართველოს კანონმდებლობა, ყველგან ასეა, რომ რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას, არცერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ. ეს კანონი საქართველოში არ არის ასეთი, ყველგან ასეთია. მინდა, ვუთხრა ამ ადამიანებს, ამის იქით რა დგას? რა არის ამის მოტივი? ყველაზე მეტად ვბრაზდები იმათზე, რომლებიც მოუწოდებენ ქუჩის გადაკეტვისკენ და თვითონ არცერთი ჯარიმა მიუღიათ, არც ერთხელ გადაუკეტიათ, არცერთი დღე ციხეში არ გაუტარებიათ, ოღონდ სხვისი ხელით ნარის გლეჯას კარგად ახერხებენ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა "ტვ პირველის" ეთერში.