ზელენსკის თეთრ სახლში პირველი შეხვედრიდან გუშინდელ დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები მოხდა თავად უკრაინაში და უკრაინელების მიერ. უკრაინამ და ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ თავისუფალი სამყაროს ნამდვილი პოლიტიკური ლიდერია, - ამის შესახებ საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ გარკვეულ გამოწვევებს უკრაინა უკვე თავისით უმკლავდება, არსებობს ბალისტიკური რაკეტების საფრთხე, რასაც საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.

"ზელენსკის თეთრ სახლში პირველი შეხვედრიდან გუშინდელ დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები მოხდა თავად უკრაინაში და უკრაინელების მიერ. უკრაინამ და ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ თავისუფალი სამყაროს ნამდვილი პოლიტიკური ლიდერია, ასევე, შიდა პოლიტიკური პროცესები უკრაინას წარმოაჩენს, როგორც ფუნქციონირებად დემოკრატიას, ასევე ჩანს, თუ როგორ უმკლავდებიან თავიანთ შიდა პრობლემებს, როგორიცაა კორუფცია თუ სხვა რამ. ამას ემატება ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრი ისევ ნარჩუნდება საკმაოდ მაღალი უკრაინის მხარდაჭერის კუთხით და ეს, რა თქმა უნდა, აისახება პოლიტიკაში, სწორედ ამის გამოხატულება იყო თეთრ სახლში შეხვედრა, რომელსაც სულ სხვა ატმოსფერო ჰქონდა. აქ ასევე საინტერესოა უკრაინის დიპლომატიური მცდელობა, რომ ეს მხარდაჭერა ყოველთვის ყოფილიყო ორპარტიული და ისინი არ ჩაერთნენ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში.

გარკვეულ გამოწვევებს უკრაინა უკვე თავისით უმკლავდება, მაგრამ არის ბალისტიკური რაკეტების საფრთხე, რომელსაც სჭირდება საჰაერო დაცვის სისტემები, აქ კი ამერიკული სისტემები ყველაზე კარგია და ინდუსტრიული ბაზაც ერთადერთი ამერიკულია, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ასეთი ტიპის მასშტაბურ შემოტევებს იმიტომ, რომ თუ ეს ომი კიდევ გაგრძელდა ზამთრის პერიოდში და უკრაინას არ ჰქონდა დაცული საჰაერო სივრცე, ამან შეიძლება ძალიან დიდი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი გამოიწვიოს, რაც მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულდეს, რადგან ენერგეტიკული ობიექტები გახდება მთავარი სამიზნე, როგორც ამას აკეთებდა რუსეთი", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.