ძალიან მძიმე - ასე შეიძლება შეფასდეს ქალბატონი რუხაძის მოღვაწეობა, ისევე როგორც, ყველა წინა ოთხი მინისტრისა "ქართული ოცნების" პირობებში, -  ამის შესახებ "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 14 წლის მანძილზე იცვლებიან მინისტრები, მაგრამ პოლიტიკა არის ერთი - ნგრევისა და განადგურების.

"მისი გადადგომა საკმაოდ უცნაური ვერსიით მოხდა, სახელდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ორი კვირის წინ ქალბატონი რუხაძე თამამ განცხადებებს აკეთებდა თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და წვრილად ჰყვებოდა, რას აპირებდა, რამდენად ტიტანური გეგმებით იყო აღჭურვილი თავის გუნდთან ერთად. მის გადადგომას მოჰყვა მისი მოადგილის წასვლაც, შესაბამისად, ოფიციალური ვერსია ნაკლებად გაზიარებადია ჩვენი მხრიდან, რომ ეს რეალური ვერსიაა, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ 14 წლის მანძილზე კულტურის მინისტრების ცვლილებას, მაგრამ პოლიტიკა უცვლელი რჩება, პოლიტიკა დაფუძნებულია ნგრევასა და განადგურებაზე. ამას ჩვენ ვხედავთ გელათის, სხვადასხვა ძეგლების მაგალითზე. განადგურების შემთხვევებიც გვაქვს - დაწყებული მინისტრი გიორგაძის შემთხვევიდან საყდრისის განადგურება, ქოროღოს კოშკის განადგურება და სულ ბოლო ამბავი უშგულში ლამარიასთან რაც იყო, ეს ქალბატონი რუხაძის სამწუხარო ანგარიშზეა. ასე რომ, მის შემთხვევაშიც გრძელდებოდა ხაზი, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტიკას გულისხმობს კულტურულ მემკვიდრეობის ნაწილში და ეს ხაზი იყო მკვეთრად დამძიმებული და მკვეთრად უარყოფითი. არანაირი მცდელობა, ინიციატივა გადარჩენისა არ ჰქონია.

ძალიან მძიმე - ასე შეიძლება შეფასდეს ქალბატონი რუხაძის მოღვაწეობა, ისევე როგორც, ყველა წინა ოთხი მინისტრისა "ქართული ოცნების" პირობებში", - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობა 28 ივლისს დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.