უკრაინა გმობს ირანის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდაჭერას და საკუთარი მოქალაქეებისადმი რეპრესიებს. კიევი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გააძლიეროს ზეწოლა ირანის რეჟიმზე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

"ირანის მხარდაჭერა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისადმი და საკუთარი მოქალაქეების რეპრესიები სწორედ ძალადობისა და ადამიანის ღირსების უპატივცემულობის პოლიტიკის კომპონენტებია“, - განაცხადა სიბიგამ.

მისი თქმით, ირანელი ხალხი იმსახურებს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის ინფორმაციაზე წვდომას და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას.

"ირანელები იმსახურებენ ნორმალურ ცხოვრებას შიშის გარეშე - ცხოვრებას თავისუფლებაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში“, - განაცხადა სიბიგამ.

სიბიგამ მოუწოდა ირანის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობისგან და მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას.

"მოგიწოდებთ, განიხილოთ ირანის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობისა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ომის მხარდაჭერის გამო“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

2022 წლის შემდეგ პირველად ირანში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რაც ეროვნული ვალუტის მკვეთრმა ვარდნამ და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებამ გამოიწვია. რიალის სწრაფი დევალვაციის, რეკორდული ინფლაციისა და მზარდი სოციალური არეულობის ფონზე, მთავრობის მკაცრი რეპრესიების მიუხედავად, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა.

უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალის გამოყენების მუქარის მიუხედავად საპროტესტო აქციები კვირების განმავლობაში მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით, უკვე 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.