კიევის ოლქის ბუჩას რაიონის სოფელ მილაში საწყობებზე რუსული საჰაერო დარტყმისა და შემდგომი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. კიდევ ოთხი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოები შეუჩერებლად გრძელდება. მაშველებმა ხანძრის უმეტესი კერის ჩაქრობა მოახერხეს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფები ადგილზე 24/7-ზე რეჟიმში მუშაობენ ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოსაჩენად და გასანეიტრალებლად.

ზელენსკის თქმით, კიდევ 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ოთხი დაკარგულია. მათი ძებნა გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინაში თითქმის 2000 თავდასხმის დრონი, 1600-ზე მეტი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 31 რაკეტა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

"ფაქტობრივად, მთელი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობს დარტყმები ფრონტისპირა და სასაზღვრო თემებზე: ნიკოპოლი, კრამატორსკი, ხერსონი, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონბასისა და სუმის ოლქების თემები. ჩვენ ვეძებთ სამართლიან პასუხს რუსეთის ყველა თავდასხმასა და დანაშაულზე. ისინი აუცილებლად იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

28 აგვისტოს საღამოს, რუსებმა დრონებით დაბომბეს კიევის ოლქის ბუჩას რაიონში მდებარე საწყობები. ხანძარს თან ახლდა აფეთქებები და შემდგომი დეტონაცია. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და პანსიონი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სოფელ მილაში რუსეთის საჰაერო დარტყმისა და შემდგომი აფეთქების ფაქტზე  გამოძიება დაიწყო. გამოძიება სამსახურებრივი დაუდევრობის მუხლით მიმდინარეობს.