ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ პეკინი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს.

"პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ის პირადად დაარწმუნეს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემენ.

"ამ ზაფხულს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მესტუმრა და ეს საკითხი წამოვწიე. მან მიპასუხა: ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ. მე მჯერა, რომ ეს საკმაოდ ეფექტური შემაკავებელი ფაქტორია“, – განაცხადა სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი სარგებლობს ევროპელების ფოკუსირებით ბირთვული ესკალაციის ან ნატოზე პირდაპირი თავდასხმის პერსპექტივაზე.

"რუსეთს სურს, რომ ჩვენ, ევროპელები აქ დავსხდეთ და განვიხილოთ: გაამწვავებს თუ არა რუსეთი კონფლიქტს? გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს? თავს დაესხმება თუ არა რუსეთი ნატოსა და ევროპას? ზედმეტი დრამატიზება საჭირო არ არის, მოემზადეთ უარესისთვის, რათა თავიდან აიცილოთ ის“, – განაცხადა მან.