შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობდა ერთი პირი, თუმცა მან მომხდართან დაკავშირებით პოლიციას არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.