ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, მოლაპარაკებების გამოყენება სცადოს თავისი მიზნების მისაღწევად, რადგან რუსეთმა ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.

კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოიცავდეს რუსეთის მხრიდან დათმობებს. მისი თქმით, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთი არასდროს არ დაესხმება თავს.

როგორც მან აღნიშნა, "ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთზე ზეწოლის განხორციელება“.

ამავდროულად, ევროკავშირის ყველა ქვეყანა მიესალმება აშშ-ის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას.

კალასმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თუ როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯი უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, თუმცა არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი ასეთი ნაბიჯისთვის მზადაა.

"რუსეთი არ ამცირებს თავის სამხედრო მანქანას, ის სინამდვილეში აძლიერებს მას. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გადავიდეთ იმ სიტუაციიდან, როდესაც რუსეთი თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებს, იმ სიტუაციაში, სადაც რუსეთს რეალურად მოუწევს მოლაპარაკებების წარმოება. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ“, - განაცხადა კალასმა.

მან ასევე აღნიშნა სანქციების მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და რუსეთის წარუმატებლობა ბრძოლის ველზე.

"პუტინს არ შეუძლია თავისი მიზნების მიღწევა ბრძოლის ველზე, ამიტომ ის შეეცდება მათ მიღწევას მოლაპარაკებების გზით“, - განაცხადა კალასმა.