რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ეს მათი პირველი კონტაქტია თითქმის სამი წლის განმავლობაში. 

კრემლის ვერსია

როგორც კრემლში აღნიშნეს, პუტინმა და მაკრონმა დეტალურად განიხილეს ისრაელსა და ირანს შორის ომი, ასევე აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები.

"ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა აღნიშნეს რუსეთისა და საფრანგეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, ასევე გლობალური ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის შენარჩუნებაში“, - წერს კრემლი.

პუტინმა და მაკრონმა მხარი დაუჭირეს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებას "მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით“.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომზე საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ "კონფლიქტი დასავლური პოლიტიკის შედეგია". მან დასავლეთის ქვეყნები "რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ინტერესების იგნორირებაში“ დაადანაშაულა.

პუტინმა ასევე დაიჩივლა, რომ დასავლეთი თითქოს უკრაინაში "ანტირუსულ დასაყრდენს“ ქმნის და "რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევას უჭერს მხარს". მისივე აზრით, დასავლეთის ქვეყნები, იარაღის მიწოდებით უკრაინაში სამხედრო ოპერაციების გახანგრძლივებას ცდილობენ.

პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება "კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას და ახალ ტერიტორიულ რეალობებს უნდა ეფუძნებოდეს“.

ელისეის სასახლის ვერსია

ელისეის სასახლის ცნობით, მაკრონისა და პუტინის საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. კერძოდ, საფრანგეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ირანმა უნდა შეასრულოს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ეს ეხება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან სრულ თანამშრომლობას.

მაკრონმა გამოთქვა მტკიცე გადაწყვეტილება, ეძიოს ირანის გარშემო არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა. ამავდროულად, ის დათანხმდა პუტინს ამ საკითხის განსახილველად ახალ მოლაპარაკებებზე.

"რაც შეეხება უკრაინას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშნეს ელისეის სასახლეში.

მაკრონმა ასევე მოუწოდა კრემლის ხელმძღვანელს, დაუყოვნებლივ დაამყაროს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის ხანგრძლივი და მდგრადი მოგვარების მიზნით.

საფრანგეთის პრეზიდენტი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხის განხილვაც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ პუტინისა და მაკრონის ბოლო საუბარი 2022 წლის 11 სექტემბერს შედგა.