სუმის სამედიცინო დაწესებულებაზე ორმაგი დარტყმის შედეგად რვა ადამიანის დაღუპვის შესახებ უკვე ცნობილია, სამაშველო ოპერაცია გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"სუმი. რუსეთმა "შაჰედებით" ქალაქის ერთ-ერთს საავადმყოფოს დაარტყა. ამ დროისთვის ცნობილია 8 ადამიანის დაღუპვის შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს. დაშავდა 11 ადამიანი, სტაციონარიდან 113 პაციენტი ევაკუირებულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მსოფლიოში ყველამ, ვინც ამ ომზე საუბრობს, ყურადღება უნდა მიაქციოს, სად ურტყამს რუსეთი - ოკუპანტები ებრძვიან საავადმყოფოებს, სამოქალაქო ობიექტებს, ადამიანების სიცოცხლეს.

"მხოლოდ ძალას შეუძლია აიძულოს რუსეთი მშვიდობისაკენ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება ამ გზაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.