2026 წლის 30 აგვისტოს ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა რუსეთში რამდენიმე მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ერთ-ერთი სამიზნე რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობის გადამმუშავებელი ქარხანა იყო.

გენერალური შტაბის ცნობით, ქალაქ კირიშში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით, 20 მილიონი ტონა იყო. იერიშის შემდეგ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია, ობიექტი საავტომობილო და საავიაციო საწვავთან ერთად, აწარმოებდა დიზელს, რომლითაც რუსული ჯარი მარაგდებოდა.

უკრაინულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს როსტოვის ოლქში მდებარე დრონების შესანახ ობიექტზეც. დაიბომბა ქალაქ იეისკის სამხედრო აეროდრომიც კრასნოდარის მხარეში, სადაც ასევე ხანძარი გაჩნდა.

გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, რომ მტრისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბები ჯერ კიდევ დგინდება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა გუშინ ღამით რუსეთის ტერიტორიაზე არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი დაბომბეს.

"რუსეთმა ყოველდღე უნდა იგრძნოს, რომ ომი იქ ბრუნდება, საიდანაც დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი გავლენა ჩვენი პარტნიორების მიერ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიღებული ახალი სანქციების ზომებით შეივსოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის გამოყენებული იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებულია უცხოურ კომპონენტებზე.

"ჩვენ მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს რუსეთის სანქციების დარღვევის სქემების დეტალებს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მათ დახურვაში გვეხმარება“, - განაცხადა ზელენსკიმ.