უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულება ამ კვირაში შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში უკრაინისთვის აუცილებელი გარანტიებით.

"ამ კვირაში შეუძლებელია ამ ომის დასრულება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებით. ყოველ შემთხვევაში, გულწრფელად არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს დღეს გაკეთდეს ჩვენი შეხვედრების გარეშე. რაც შეეხება შეთანხმებას, როგორც გითხარით, არ შეიძლება იყოს ესა თუ ის ფორმატი, სადაც ჩვენ წარსულის მოვალეები ვართ. ჩვენ მზად ვართ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და თანაბარი პარტნიორები ვიყოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის აღდგენის ფონდი შეიძლება შეიქმნას აშშ-სთან თანაბარი პარტნიორობის საფუძველზე. მისი თქმით, თუ ფონდი 50/50 პრინციპით შეივსება, მაშინ უკრაინაც შეიტანს თავის წვლილს სახელმწიფო საწარმოების მოგების ინვესტიციით.

"თუ აშშ ფულს ჩადებს და მას ინვესტიციად ჩათვლის, ჩვენც განვახორციელებთ ინვესტიციას ჩვენი მხრიდან. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სახსრები გაყინული რუსული აქტივებიდან, რადგან ეს ჩვენი ფულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ლიცენზიებიდან შემოსავალმა შეიძლება უკრაინას წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი მოუტანოს.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება სამხედრო დახმარება განიხილოს, როგორც ინვესტიცია უკრაინის უსაფრთხოებაში.

"მაგალითად, პატრიოტის სისტემა დაახლოებით 1,5-1,8 მილიარდი დოლარი ღირს. ჩვენ გვჭირდება კიდევ 20 ასეთი სისტემა, რაც არის 35 მილიარდი. თუ აშშ მათ გვაწვდის, ეს ასევე შეიძლება ჩაითვალოს ინვესტიციად", - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ეს საკითხი მოითხოვს უმაღლეს დონეზე განხილვას.

"ამას შეხვედრა სჭირდება. ეს უნდა იყოს სამართლიანი, ანუ უნდა მოხდეს ტრამპის პუტინთან შეხვედრამდე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.