ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება. ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისი-პანტიანის გზის გაწმენდის სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

"დღე-ღამის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზების ტექნიკური მარილით დამუშავება. გაწმენდის სამუშაოებსა და მონიტორინგში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახურები. ყველა სატრანსპორტო კვანძი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, გახსნილია“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მიმართონ "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება.