მხოლოდ დღეს რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 267 "შაჰედი" გაუშვეს. ასეთ პირობებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არჩევნების საკითხი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"არჩევნების საკითხი წამოაყენა რუსეთის ფედერაციამ. დღეს ამის გაჟღერება დაიწყო აშშ-შიც. მაგრამ ეს (ზეწოლა უკრაინაზე) არ ყოფილა. ეს ისეთი ტალღაა, მიმაჩნია, რომ სერიოზულია და სახიფათო ნაბიჯებში გადადის", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია არჩევნები იყოს დემოკრატიული და აღიარებული, მაგრამ ეს შეუძლებელია ომის ფონზე.

"როგორ მიიღებს ხალხი კენჭისყრაში მონაწილეობას ომში, ისევე როგორც ჯარისკაცები ფრონტზე - მე ამას ვერ ვხვდები. ვერანაირად. როგორ შეიძლება ხმა მისცე, როცა დღეს 267 დრონი გაუშვეს? არაადეკვატური რუსები", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ს განცხადებები, თითქოს რუსეთს ომის დასრულება სურს და გაიხსენა, რომ ოკუპანტები აგრძელებენ მასიურ თავდასხმებს.

"როგორც ამერიკელები ამბობენ, ხედავენ, რომ რუსებს სურთ ომის დასრულება. 267 დრონს უშვებს კაცი, რომელსაც ომის დასრულება უნდა?" - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ამჟამად არ არსებობს ხმის მიცემის ორგანიზების შესაძლებლობა წინა ხაზზე და საერთაშორისო დამკვირვებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

"როგორ იქნება კენჭისყრა სუმისა და ხარკოვის რაიონებში? რა მოხდება კუპიანსკთან? სად არიან დამკვირვებლები? მოვლენ ისინი ფრონტზე, სუმის რაიონში, კრამატორსკში, პოკროვსკში?" - განაცხადა ზელენსკიმ.