ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.

მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“.

"ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.