ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ორ ადამიანს, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი სახლის სახურავის ნაწილი დაეცა.

შემთხვევა პიაცას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელს სახურავი ახადა და ცოლ-ქმარი მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, უცნობია.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე შსს-ს შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ. 

სავარაუდოდ, ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ქარმა ბათუმის აეროპორტში შეუქმნა პრობლემა სტამბოლი-ბათუმის რეისსაც.

ასევე, გორგილაძის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა.