აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მხოლოდ მას შემდეგ შედგება, რაც სამშვიდობო შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწევენ, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.

"ვიმედოვნებ, რომ მალე შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შეთანხმება საბოლოო იქნება ან საბოლოო ეტაპზე იქნება“, - წერს ტრამპი.

ამერიკელმა ლიდერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მშვიდობა რაც შეიძლება სწრაფად იქნება მიღწეული.

25 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავს ვლადიმერ პუტინთან. აშშ-ის არმიის მდივანი დენ დრისკოლი კი უკრაინულ მხარეს შეხვდება, რათა დააჩქაროს აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო გეგმის დამტკიცება.

დასავლურმა მედიამ 20 ნოემბერს 28-პუნქტიანი ამერიკული სამშვიდობო გეგმის პროექტი გამოაქვეყნა. არაოფიციალური ინფორმაციით, დოკუმენტი შეიცავდა დებულებებს, რომლებიც რუსეთისთვის დათმობად იქნა მიჩნეული.

უკრაინამ დელეგაცია გაგზავნა ჟენევაში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის, რათა დოკუმენტის ყველაზე საკამათო დებულებები გადაეხედათ.

კონსულტაციების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსანდრ ბევზმა განაცხადა, რომ პროექტიდან ზოგიერთი პუნქტი ამოიღეს, ზოგი კი შესწორდა.

24 ნოემბერს, Financial Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმა თითქმის მესამედით შემცირდა. კერძოდ, დოკუმენტი ახლა 19 პუნქტს შეიცავს თავდაპირველი 28-ის ნაცვლად.

25 ნოემბერს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინაც და რუსეთიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართო.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევა უკვე ახლოა.