უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე 29 ივნისის ღამეს განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა. სროლის შედეგად არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ბავშვი. 

პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში განგაში იყო - ცაში 477 დრონი, უმეტესობა რუსეთ-ირანის "შაჰედები“ და სხვადასხვა ტიპის 60 რაკეტა.

"რუსებმა" ყველაფერი დაარტყეს, რაც სიცოცხლეს უზრუნველყოფს. სმილაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, ბავშვი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურები საჭიროების შემთხვევაში მუშაობენ“, - აღნიშნა მან.

ზელენსკი ასევე F-16-ის პილოტის მაქსიმ უსტიმენკოს დაღუპვას გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ ღამით შვიდი საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო. "ვუსამძიმრებ ოჯახს და თანამებრძოლებს. მე დავავალე, დაზუსტდეს გარდაცვალების ყველა გარემოება. უკრაინის ავიაცია გმირულად იცავს ცას. მადლობა ყველას, ვინც იცავს უკრაინას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინაში მხოლოდ ერთ კვირაში 114-ზე მეტი რაკეტა, 1270-ზე მეტი დრონი და თითქმის 1100 KAB გაუშვა. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა დიდი ხანია, გადაწყვიტა ომის გაგრძელება, მსოფლიოს მოწოდებების მიუხედავად.

"ჩვენ გვჭირდება ომის დასრულება, გვჭირდება ზეწოლა აგრესორზე, გვჭირდება დაცვა. ბალისტიკისგან, რაკეტებისა და დრონებისგან, ტერორისგან. უკრაინამ უნდა გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა. ის, რაც იცავს სიცოცხლეს საუკეთესოდ, ეს არის ამერიკული სისტემები, რომელთა შესაძენადაც მზად ვართ. ჩვენ იმედი გვაქვს შეერთებული შტატების, ევროპისა და ჩვენი ყველა პარტნიორის ლიდერობის, პოლიტიკური ნების და მხარდაჭერის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

29 ივნისის ღამეს რუსეთმა რეკორდული შეტევა განახორციელა - უკრაინის ტერიტორიაზე 537 საჰაერო სამიზნე გაუშვა, მათ შორის 477 კამიკაძე დრონი და 60 რაკეტა. მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, თუმცა იყო დარტყმებიც. დაზარალდა ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ხმელნიცკის რეგიონები - დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა. რუსებმა ასევე შეუტიეს სმილას, კრემენჩუკს, ზაპოროჟიეს და ნიკოლაევს.

დაბომბვის მოგერიებისას ტრაგიკულად დაიღუპა F-16-ის უკრაინელი პილოტი მაქსიმ უსტიმენკო. მან მოახერხა თვითმფრინავის საცხოვრებელი უბნებიდან გადამისამართება, მაგრამ კატაპულტირება ვერ შეძლო.