შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2004 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ბ.ი. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ა.ა.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო ბ.ი. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.
 
დანაშაულები თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა. - მ, მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2000 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ა.-ს თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ბ.ი., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
 
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულების სახით დააკავეს.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.