F-16-ის პილოტი მაქსიმ უსტიმენკო ტრაგიკულად დაიღუპა 29 ივნისის ღამეს მტრის თავდასხმის მოგერიებისას. მან მოახერხა თვითმფრინავის დასახლებული ადგილიდან გადამისამართება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთი მტკივნეული დანაკარგი გვაქვს. გუშინ ღამით, მტრის მასიური საჰაერო თავდასხმის მოგერიებისას, F-16-ზე დაიღუპა პირველი კლასის პილოტი, პოდპოლკოვნიკი მაქსიმ უსტიმენკო, დაბადებული 1993 წელს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პილოტმა ბორტზე არსებული იარაღის მთელი სპექტრი გამოიყენა, შვიდი საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო. ბოლო ფრენის დროს მისი თვითმფრინავი დაზიანდა.

"მაქსიმ უსტიმენკომ ყველაფერი გააკეთა, თვითმფრინავი დასახლებული ადგილიდან გაიყვანა, მაგრამ კატაპულტირების დრო არ ჰქონდა... ის გმირულად დაიღუპა!“ - განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, 29 ივნისის ღამეს რუსმა ტერორისტებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის დრონები და რაკეტები გაუშვეს. როგორც საჰაერო ძალებმა აღნიშნეს, სულ 500-ზე მეტი საჰაერო სამიზნე იყო. მტერმა ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, ლვოვის, ჩერკასის, ივანო-ფრანკოვსკის და დნეპროპეტროვსკის რეგიონები დაბომბა. რუსებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სახლებს დაარტყეს, არიან მსხვერპლი.

2024 წლის აგვისტოში უკრაინამ პირველი F-16 დაკარგა. ეს მოხდა 26 აგვისტოს რუსეთის მასშტაბური შეტევის მოგერიებისას. უკრაინული F-16 მტრის სამიზნეებს ესროდა და ახალ სამიზნესთან მიახლოებისას კონტაქტი დაკარგა. შედეგად, F-16 გამანადგურებელი ჩამოვარდა, ხოლო პილოტი ალექსეი მესი დაიღუპა. ასევე, აპრილში 26 წლის პაველ ივანოვი F-16-ზე საბრძოლო მისიის შესრულებისას დაიღუპა.