რუსეთმა უარყო ამერიკის შეთავაზება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და აგრძელებს ყოველდღიურ ტერორს უკრაინელების წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ამ პარასკევს ზუსტად ერთი თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარყო ამერიკული წინადადება ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ. მათ არ ეშინიათ და ამიტომ ურტყამენ ბალისტიკური რაკეტებით. ამიტომაც ყოველ ღამე - ასი თავდასხმის დრონი, რომელთა უმეტესობა "შაჰედია" და ზუსტად უკრაინის ჩვეულებრივი ქალაქების წინააღმდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, რუსები არ წყვეტენ თავდასხმას და სიძულვილის გავრცელებას თავიანთ სახელმწიფო პროპაგანდაში.

"ეს შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ზეწოლით, მხოლოდ გადამწყვეტი ქმედებებით. ყოველი რუსული ბალისტიკური რაკეტა, ყველა ფრთოსანი რაკეტა, ყველა რუსული „შაჰედი“, ყველა მართვადი ბომბი ხვდება არა მხოლოდ ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას, არამედ დიპლომატიას, ყველას პოლიტიკას, ვინც ნამდვილად ცდილობს ამ ყველაფრის დასრულებას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მომავალშიც, რომ დავიცვათ ადამიანები და სიცოცხლე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

13 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა ორმაგი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს სუმის ცენტრზე. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ უკვე ასს გადააჭარბა.

სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ორი ბალისტიკური რაკეტით, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი განადგურება, მათ შორის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების და ტრანსპორტის.