უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს შეხვედრის შეთავაზებას გამოეხმაურა. ის თანახმაა შეხვედრაზე, მაგრამ მხოლოდ კიევში და ამ კვირაში.

დღეს ფიცომ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მიმართვა ჩაწერა და ზელენსკი სლოვაკეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვართან შეხვედრაზე მიიწვია.

"კარგი. ჩამოდი კიევში პარასკევს", - უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას სურს განიხილოს რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება. მან ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს "სხვა მოსაზრება“ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი.

"საზღვარგარეთ ჩემი ყველა მოგზაურობისას ხაზს ვუსვამ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას, მხარს ვუჭერ არსებულ სამშვიდობო გეგმებს და ვთავაზობ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე ჩატარდეს სლოვაკეთში“, - განაცხადა ფიცომ.

მან ასევე განაცხადა, რომ სურს გააგრძელოს დიალოგი უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მიიწვია ზელენსკი შეხვედრაზე სლოვაკეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვართან. მისი თქმით, ამ მიზნით უკრაინულ მხარეს კიევი-კოშიცეს მატარებლის გამოყენება შეუძლია.

პირველი იანვრიდან კიევმა ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყვიტა, რის შემდეგაც სლოვაკეთის პრემიერი უკრაინას საპასუხო ზომებით დაემუქრა, თუ რუსული გაზის ტრანზიტი არ აღდგება.

საპასუხოდ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფიცომ არასწორად გათვალა თავისი საგარეო და ენერგეტიკული პოლიტიკა. მან ასევე შეცდომა უწოდა მოსკოვთან ხანგრძლივი თანამშრომლობის იმედებს. მან გაიხსენა, რომ სლოვაკეთს შესთავაზა დახმარება რუსეთიდან გაზის ტრანზიტის ნაკლებობასთან ადაპტაციაში, მაგრამ პრემიერმა "პომპეზურად უარი თქვა“.