ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა, რომელმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, მიმართავს რეპრესიებს და ძალადობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ საგანგებო რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა წარმოდგენილი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"სტრასბურგში ჩვენი შეხვედრის შემდეგ საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა, რომელმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, მიმართავს რეპრესიებს და ძალადობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

ჩემი აქ თქვენთან შესახვედრად გამომგზავრების წინა დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 3 ახალგაზრდა იქნა დაკავებული.

მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ საგანგებო რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა წარმოდგენილი.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის სახალხო პარტიის ყველა წევრს: არ აღიარონ "ქართული ოცნების" თვითგამოცხადებული რეჟიმი. მოუწოდონ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რაც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ხალხს, თავისუფლად და შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი ნება;

გააგრძელონ პერსონალური სანქციების დაკისრება, რაც უკვე განხორციელდა ევროკავშირის რამდენი წევრი სახელმწიფოს მიერ. თუმცა, ჩვენ გთხოვთ, მოუწოდოთ თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ევროკავშირის დონეზე, რათა ვაიძულოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომ დათმოს ძალაუფლება და ჩატარდეს ახალი არჩევნები;

ფინანსური დახმარება სრულად იქნეს მიმართული თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად და მოქალაქეების  გასაძლიერებლად;

მოითხოვონ რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმრის, ისევე, როგორც პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება;

და ბოლოს, მოგიწოდებთ, არ სცნოთ "ქართული ოცნების" არალეგიტიმური საპარლამენტო დელეგაციები არცერთ საპარლამენტო ფორუმზე, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.