უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილ ფედოროვს მის მრჩევლად დარჩენა შესთავაზა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ზელენსკიმ შემომთავაზა მის მრჩევლად დარჩენა, მაგრამ უარი ვთქვი“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, უკრაინა შეძლებს რუსეთის დამარცხებას, თუ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ალექსანდრ სირსკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ანდრეი გნატოვს შეცვლის.

როგორც მან აღნიშნა, ამ წინადადებით ზელენსკის თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყებისთანავე მიმართა, თუმცა, ზელენსკიმ ეს იდეა მაშინვე უარყო.

ფედოროვმა დღეს მედიასთან ბრიფინგი გამართა, სადაც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობასა და სამინისტროს გეგმებზე ისაუბრა. მან ასევე ისაუბრა თანამდებობიდან მისი გადაყენების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე, რამაც დღეს უკრაინაში მრავალი საპროტესტო აქცია გამოიწვია.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფედოროვის გათავისუფლება მთავარსარდალ სირსკისთან კონფლიქტით და არმიის სურვილის საწინააღმდეგოდ იარაღის შესყიდვით ახსნა.

ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს შორის დაპირისპირება ომის დროს დაუშვებელია, რადგან უწყებები ორ სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობდნენ და ერთმანეთს აღარ უსმენდნენ. მისივე თქმით, სამინისტრო იარაღის (კერძოდ, საარტილერიო ჭურვების) შესყიდვებს საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებდა და არა გენერალური შტაბისა და არმიის მოთხოვნების შესაბამისად.