ადამიანის უფლებათა კომისარს აინტერესებდა სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების პოზიციები და მოსაზრებები, რათა მან შესაბამისი დოკუმენტი მოამზადოს საქართველოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრები და ინფორმაციების გაცვლა არის ნიშანი იმისა, თუ რა დატვირთვა აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყანაში.

"გვქონდა მსჯელობა ყველა საკითხზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებობს. ადამიანის უფლებათა კომისარს აინტერესებდა სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების პოზიციები და მოსაზრებები, რათა მან შესაბამისი დოკუმენტი მოამზადოს საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი იმ კუთხითაც, რომ "ქართული ოცნება", რომელიც ადამიანის უფლებების დამცველებს უარყოფს, მათ ზედმეტად მიიჩნევთ და კრიმინალადაც კი აცხადებთ ამ კუთხით, სინამდვილეში, არიან ქვეყნის მეგობრები.

ადამიანის უფლებათა კომისარი ხვდება, ისმენს და მიიჩნევს, როგორც სანდო ინფორმაციის წყაროს, რაც კარგი დასტურია იმის, რასაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ ადამიანის უფლებების კუთხით ", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა  კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოშია. ის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. მანამდე კი ომბუდსმენს ლევან იოსელიანსა და  მაიკლ ო’ფლაერტს შორის შედგა შეხვედრა.