უნდა დამთავრდეს ამ სფეროში პარალელური სახელმწიფოს არსებობა, რასაც წარმოადგენს დღეს საპატრიარქო. უნდა ჩავაბაროთ წარსულს მეუფეთა პოლიტიზაცია, მათ უნდა დატოვონ ბიზნესი, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

"ხვალ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ირჩევს ახალ საჭეთმპყრობელს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევდივართ კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებულ დებატებში, ეს მათი კანონიკური საქმეა, მაგრამ ის, რაც უკავშირდება ერის, ცივილიზაციის, ქვეყნის განვითარებას, მომავალს, რომელიც დაფუძნებულია სწორედ ქრისტიანულ ცივილიზაციაზე, ეს, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის საკითხია და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მინდა, მოგახსენოთ რამდენიმე პოზიცია.

უპირველესად გავიხსენებ იმას, რომ ოლიგარქ ივანიშვილის ოცნება შესრულდა. მისი ოცნება გახლდათ საქართველოს ეკლესია ილია მეორეს გარეშე. ამისთვის მან მთელი ათი წელი მოახდინა პატრიარქის პრაქტიკული ბლოკირება, დასწია გვერდზე თავისი საჭემპყრობელური საქმიანობიდან, ხოლო გარდაცვალების შემდეგ გაუწია ჭირისუფლობა, რაც ილია მეორისთვის სიკვდილზე მეტი ტრაგედია იყო, დამერწმუნეთ, რომ დიქტატორი ედგა თავზე, რომელსაც ის ძალიან არ უყვარდა. ამას განსჯის ერი და ღმერთი, მაგრამ ახლა ჩვენ მთავარია ვიფიქროთ, რა იქნება ხვალ და როგორ განვითარდება ქართული მრავალათასწლიანი ეკლესიის ისტორია.

რუის-ურბნისი ეს არ გახლავთ ერთჯერადი აქტი. იცით, რომ აღმაშენებელმა წარმატებით განახორციელა რეფორმა საეკლესიო. აღნიშნული პროცესი უნდა იყოს მუდმივი, მუდმივი განწმენდა ღვთისმსახურებაში, ეკლესიაში. ეს არის გარანტია ქვეყნის სიწმინდის, პიროვნული სიწმინდის, ერის განვითარების.

უნდა დამთავრდეს ამ სფეროში პარალელური სახელმწიფოს არსებობა, რასაც წარმოადგენს დღეს საპატრიარქო. უნდა ჩავაბაროთ წარსულს მეუფეთა პოლიტიზაცია, მათ უნდა დატოვონ ბიზნესი, მატერიალური სიკეთეები, რაც არის არ ეკუთვნით, ჯიპები, მილიონიანი დაფინანსებები, უნდა გაუქმდეს კონკორდანტად წოდებული კონტრაქტი, რომელსაც გარკვეულ პერიოდში ჰქონდა რაღაც პოზიტიური დატვირთვა, მაგრამ უკვე ეს გახდა ეკლესიის შემაფერხებელი, რომ ის იყოს დამოუკიდებელი და არ იმართებოდეს ხელისუფლებიდან, არ ერეოდეს პოლიტიკაში, არჩევნებში", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.