სახელმწიფოებრივი ბერკეტების მიტაცების და საპარლამენტო დემოკრატიის პარალიზების პირობებში, "ნაციონალური მოძრაობა“ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და აყალიბებს მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, კაპიტულაცია, საგარეო იზოლაციონიზმი და რუსული აგრესიის წინაშე საქართველოს ინტერესების მიზანმიმართული ღალატია, რაც თბილისში ხდება.

"საგანგაშო და ანტისახელმწიფოებრივია თბილისში, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო რეჟიმის სრული პოლიტიკური დუმილი და უმოქმედობა. ეს არ არის „მშვიდობის შენარჩუნების“ პოლიტიკა. ეს არის ოკუპანტის წინაშე, კაპიტულაცია, საგარეო იზოლაციონიზმი და რუსული აგრესიის წინაშე საქართველოს ინტერესების მიზანმიმართული ღალატი.

სახელმწიფოებრივი ბერკეტების მიტაცების და საპარლამენტო დემოკრატიის პარალიზების პირობებში, "ნაციონალური მოძრაობა“ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და აყალიბებს მოქმედების შემდეგ სტრატეგიულ მიმართულებებს:

1. საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა მიზნობრივი და პერსონალური სანქციების დაწესებისთვის - ვინაიდან ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, შეგნებულად უარს ამბობს დიპლომატიური ბერკეტების გამოყენებაზე, ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) და აშშ-ის კონგრესის მეგობართა ჯგუფების მეშვეობით, ვიწყებთ მუშაობას რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებელ და მათ ხელშემწყობთა მიმართ, მიზნობრივი სანქციების დაწესების მიზნით. სანქციები უნდა შეეხოს ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობს ცხინვალის რეგიონის ანექსიის იურიდიულ გაფორმებაში.

2. პარტიული და საზოგადოებრივი ძალისხმევის კონსოლიდაცია - ჩვენ ვემიჯნებით ვიწროპარტიულ ამბიციებსა და ამ პროცესების, ნებისმიერი ფორმით პოლიტიკურ მონოპოლიზაციის მცდელობას. მოვუწოდებთ ყველა პროევროპულ ოპოზიციურ ძალას, არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო მოძრაობებს, შეიქმნას ერთიანი, კოორდინირებული წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც დაუპირისპირდება რეჟიმის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატსა და დანაშაულებრივ უმოქმედობას.

3. დიპლომატიური კორპუსის მობილიზება - პარტიის საგარეო გუნდი გამართავს საგანგებო შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მათ ოკუპაციის ხაზთან არსებულ ვითარებაზე, დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ და მოვითხოვოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატის ფარგლებში მონიტორინგის გაძლიერება და საერთაშორისო ინსტიტუტების შესაბამისი რეაგირება.
კიდევ ერთი მიმართულება იქნება ეკონომიკური და ჰიბრიდული გავლენების განეიტრალება.

კაპიტალის მკაცრი კონტროლი: საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (FATF, აშშ-ის ხაზინა) ერთად, რუსეთიდან შემომავალი ან საქართველოდან რუსეთში გამავალი ფინანსური ნაკადების გაფილტვრა.

ჩვენი ამოცანაა, საქართველოს პატრიოტულ საზოგადოებასთან და ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან ერთად, არ დავუშვათ, ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, გატარებული მოღალატური პოლიტიკით გამოწვეული, ცივილიზებული სამყაროსგან, საქართველოს სრული იზოლაცია, ისევე როგორც, ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის წინაშე, შეგნებული და მიზანმიმართული კაპიტულაცია. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება“, - განაცხადა ანა წითლიძემ.