ანგარიში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ევროპის კავშირის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს მოუწევთ, რომ ამ ანგარიშს ყურადღება მიაქციონ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება არჩევნების შესახებ ჩანაწერს, ეს "ქართული ოცნების" მისამართითაა.

"ანგარიში მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ევროპის კავშირის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს მოუწევთ, რომ ამ ანგარიშს ყურადღება მიაქციონ და აუცილებლად გაითვალისწინონ თავიანთ შემდგომ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში.

რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნებთან დაკავშირებით რა ჩანაწერიცაა, ესაა "ქართული ოცნების" მისამართით. ძალიან ნათლად ჩანს, რომ ეს ანგარიში ყველა სხვა ანგარიშზე უფრო მძიმე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი საერთაშორისო იზოლაცია ღრმავდება და ამ იზოლაციის გარღვევის არანაირი ალბათობა არ არსებობს, ეს არის სრულიად შეუქცევადი პროცესი", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი პრესრელიზში აღნიშნავს, რომ ადგილობრივი არჩევნები საქართველოს "დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი გამოცდაა".
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ოპოზიციას, "გამოიყენოს ეს შესაძლებლობა", რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება დააფიქსიროს თავისი პროევროპული მისწრაფება.