გაუგონარია, თუ როგორ შეიძლება გაცვალო შენივე დასახელებული კანდიდატი, სხვა ქვეყნის კანდიდატში და თან ასე საჯაროდ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და გაახარა რუსები.

"ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევა, 2017 წელს, იყო საქართველოს დიდი გამარჯვება. საქართველო, მანამდეც და დღესაც, ძალიან მცირე რაოდენობით და დაბალ პოზიციებზეა წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს კი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო ასეთ მაღალ თანამდებობაზე ქართველის არჩევის, რაც აძლიერებდა საქართველოს დიპლომატიურ პოზიციებს. ასევე, რადგან ეს იყო სექტორული საერთაშორისო ორგანიზაცია, და ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელია, დიდ ეკონომიკურ მნიშვნელობასაც ატარებდა, რაც კარგად გამოჩნდა თუნდაც საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებებით. აღსანიშნავია, ზურაბ პოლოლიკაშვილის, მტკიცე და სწორი პოზიცია რუსეთის ფედერაციის ორგანიზაციაში წევრობასთან დაკავშირებით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ.

არჩევნებში გამარჯვება იყო ზურას პირადი დამსახურება და საქართველოს მთავრობის ძალიან აქტიური მხარდამჭერი კამპანიის და დიპლომატიური ძალისხმევის შედეგი. ყველა, პრემიერ მინისტრიდან დაწყებული და სხვა შესაბამისი საჯარო მოხელით დამთავრებული, იყო მაქსიმალურად მობილიზებული ამ შედეგის მისაღწევად. იყო დიდი კონკურენცია, და საქართველოს კანდიდატის ასეთ მაღალ პოზიციაზე არჩევა, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო.

ძალიან დასანანია და სამარცხვინოა, რასაც ვუყურებ და ვისმენ ორი დღეა, მომდევნო არჩევნებში ზურას კანდიდატურის გამოწვევის მიზეზებთან დაკავშირებით.

- სასაცილოა არგუმენტი, რომ ქართული ოცნება, ამ ნაბიჯით, საქართველოს დემოკრატიულ იმიჯს გაუფრთხილდა. საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება 'ქართულ ოცნებას" ავტორიტარულ რეჟიმად იცნობს, რომელიც დემოკრატიული ქვეყნების ელჩებს გინებით უშვებს ქვეყნიდან და თურმე, ახლა მოუსმინა ელჩების რეკომენდაციას. 

- ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ზურას მიერ თეა მაისურაძის კონტრაქტით დანიშვნის გამო "ქართული ოცნება" განაწყენდა და მის გათავისუფლება მოითხოვა. ესეიგი, თუ რეჟიმის პოზიციას არ ეთანხმები, საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის უფლებაც არ გაქვს.

- გაუგონარია, თუ როგორ შეიძლება გაცვალო შენივე დასახელებული კანდიდატი, სხვა ქვეყნის კანდიდატში და თან ასე საჯაროდ. თუ არსებობს შესაბამისი მიზეზი, არსებობს სხვა დიპლომატიური გზებიც ასეთი საკითხების გადასაწყვეტად.

სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე და გაახარა რუსები. ასე მივდივართ იმ საოცნებო “სუვერენიტეტთან”, რასაც სინამდვილეში, დემოკრატიული საზოგადოებისგან იზოლაცია ჰქვია", - წერს ჯანელიძე.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თავადვე უკან გაიწვია.

"ქართული ოცნება" გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერს არა ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც ამ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.