ქარსელაძე და ლილუაშვილი, ფაქტობრივად, ციხის კარებთან არიან, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა და კორუფციის მკვლევარმა ბესო დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ მინისტრის გარეშე მოადგილე კორუფციულ სქემაში იყოს.

"გამორიცხული არის, რომ მოადგილე კურატორი აკეთებდა ისეთ საქმეს, რაც მინისტრმა არ იცოდა, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ყველა დოკუმენტაციას ხელს აწერს მინისტრი და აქედან გამომდინარე, ქარსელაძე და ლილუაშვილი, ფაქტობრივად, ციხის კარებთან არიან, რომელიც უშუალოდ იყო წარმდგენი ამ ორგანიზაციებში და მისი კადრი იყო, მასთან ნათესაური კავშირები ჰქონდა და ის აკონტროლებდა მათ საქმიანობას, ასე რომ, ქარსელაძეც და ლილუაშვილიც არიან დაკავების პირას", - განაცხადა ბესო დონაძემ.

სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ასევე, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა მასთან, ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან.