ბიძინა ივანიშვილი სუსის მოქმედ ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს ბოლომდე არ ენდობა და მას მაკონტროლებლად ვახტანგ გომელაური დაუნიშნა, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ვიცი, რომ [ვახტანგ გომელაური] პარტია "ქართული ოცნების" პარტიულ სტრუქტურაშია. [რა სტატუსით ზუსტად არ ვიცი], ალბათ, იმ სტატუსით, რა სტატუსითაც ადრე სოსო გოგაშვილი [სუსის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი] რომელიც კურირებდა არჩევნების, უსაფრთხოების თემას.

ამავდროულად, მიუხედავად ყველაფრისა, გომელაურის მიმართ ივანიშვილს უფრო მეტი ნდობა ექნება, ვიდრე მდინარაძის მიმართ. ამიტომ უსაფრთხოების სამსახურს ბოლომდე არ გაუშვებს ხელს [ივანიშვილი]. იცით თქვენ, რა ტიპის ინფორმაციებზე მუშაობს, საფრთხეების განეიტრალება არ ვიცი, მაგრამ შიდა მოსმენები და მთელი ეს სისტემა ყველაზე მეტად მათ ხელთაა.

დარწმუნებული ვარ, რომ [ივანიშვილი გომელაურით აკონტროლებს მდინარაძე-კობახიძეს]. მდინარაძის ნდობა ბიძინა ივანიშვილს არც არასდროს ჰქონია, არც იმ გუნდს, რომელიც "ქართულ ოცნებაში" პარტიის გამარჯვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოვიდა. ჯგუფებს შორის რაღაცნაირი კონტროლი ბიძინა ივანიშვილის სტილია", - განაცხადა ბესელიამ.