"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის  დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ვგმობთ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას.

ბიძინა ივანიშვილის პოლიციის წარმომადგენლები, როგორც ძალადობრივი ჯგუფები, ფიზიკურად უსწორდებოდნენ არა მხოლოდ უშუალოდ აქციის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს, არამედ მიმდებარე ქუჩებზე მყოფ ადამიანებსაც. ისინი იტაცებდნენ ადამიანებს და ადგილზე ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ.

მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დევნა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეპრესიული მიზნებით გამოყენება. აღნიშნულ ქმედებებს, დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობასა და მათ წამებას აქვს ძალადობრივი რეპრესიების ხასიათი. ყოველივე თავისი მასშტაბით წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. მსგავს ქმედებებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გმობს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა დაშალა. დაკავებულია აქციის 10-ზე მონაწილე, გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არიან "საქართველოს უნივერსიტეტის" ლექტორი არჩილ ჯანგირაშვილი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი, ასევე, "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია.