სახე გამაძრეთ თქვენ და ფიცის პარალელურად ტყუით აქ. ფიცის დროს როგორ შეიძლება ტყუილი?, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მოწმე გდდ-ს თანამშრომელს მიმართა, რომ ზუსტად იცის, როცა მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ისიც მონაწილეობდა.

"მონაწილეობდით თუ არა იმ კრიმინალურ დანაშაულში, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იყო? მე გეუბნები, რომ შენც იყავი. სახე გამაძრეთ თქვენ და ფიცის პარალელურად ტყუით აქ. ფიცის დროს როგორ შეიძლება ტყუილი? რახან თქვი, რომ ხაბეიშვილმა ფული შემომთავაზაო, ისიც თქვი, რომ ბიუჯეტიდან იყო ფულის შეთავაზება.

გეუბნებით, ტელეფონით მიღებდა-მეთქი პარლამენტის შენობაში მეორე დღესვე, მასთან ერთად იდგნენ თანამდებობის პირები. ამბობ, ღმერთმა დამიფაროსო, არ გრცხვენია?

რაც შეეხება არჩევნებს, ბიძინას პოლიტიკა უნდა იმიტომ, რომ აკეთოს ფული, დიდი განსხვავებაა, ამიტომ, რა თქმა უნდა, არჩევნები გვინდა, ოღონდ სამართლიანი.

რუსთაველზე ადამიანები რას ითხოვენ, გადით, ნახეთ. ორი მოთხოვნაა - პატიმრების გათავისუფლება და არჩევნები, ოღონდ ეს არჩევნები როგორი იქნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა?!", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს. ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. შემდეგი სასამართლო პროცესი 24 აპრილსაა ჩანიშნული.