რეალობა არის ის, რომ საქართველოში ძალადობის წახალისების, საზოგადოების გახლეჩისა და  ერთმანეთთან დაპირისპირების  მცდელობებში, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ჩართულია ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის ელჩებიც, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. 

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ  გამოქვეყნებულ  განცხადებას და აღნიშნა, რომ მათ არ აწყობთ, რომ ქვეყანაში იყოს გამჭვირვალობა, რადგან წლების განმავლობაში საქართველოში ხელისუფლების დამხობის მცდელობებზე პოზიტიური პროექტებით შეფუთული თანხები იხარჯებოდა.

"სახეზე გვაქვს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, რაც არახალია და არც პირველი შემთხვევა არ არის.  ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში, პირდაპირ ხდებოდა ძალადობის წახალისება, პირდაპირ ხდებოდა და ხდება პოლარიზაციის წახალისება - საზოგადოების გახლეჩისა და  ერთმანეთთან დაპირისპირების მცდელობა და, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, რეალობა არის ის, რომ  ამაში ჩართულია ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის ელჩებიც თავიანთი ქმედებებით, განცხადებებით, რაც, ვიმეორებ, ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით,  გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რათა საზოგადოებას და ხელისუფლებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან მოდის დაფინანსება და რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება.

"მათ  არ აწყობთ  ის რეალობა და მოცემულობა, რაც გვაქვს იმიტომ, რომ საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის, თუ რას ემსახურებოდა საქართველოში გარედან შემოსული თანხები. 

რაღაც ერთ კონკრეტულ პოზიტიურ  პროექტს განახორციელებდნენ, რაც ერთგვარი ნიღაბი იყო  იმ ქმედებებისა, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებოდა ტრენინგებს, რევოლუციების მოწყობისა და სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობებს. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, როდესაც იყო რევოლუციის  მოწყობისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ამის ერთგვარი ტრენინგებიც კი ტარდებოდა, რომელიც შეფუთული იყო. მახსოვს, მაგალითად, „კანვასის“ ტრენინგები, რომელიც შეფუთული იყო იმით, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ატრენინგებდნენ, რეალურად კი, ვნახეთ  ჩანაწერებით, თუ რას ემსახურებოდა ეს შეხვედრები - როგორ უნდა მოაწყო რევოლუცია, როგორ განხორციელდა მაიდანი და ა.შ. სწორედ, ამიტომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას და ხელისუფლებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან მოდის აღნიშნული  თანხები და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება“, - განაცხადა კალაძემ.