ჩემთვის დღეს ყველა ის პოლიციელი, ვინც ხელს აფარებს კრიმინალს, არის ისეთივე კრიმინალი და ამათთან ბრძოლა, მათ წინააღმდეგ ბრძოლა, არის პატივი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

"წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად, ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული. უბრალოდ ეს არის შეუსრულებელი და მიუღწეველი ამოცანა და მისია. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, ხელისუფლება, რომელიც დგას კრიმინალებზე. კრიმინალები, რომლებიც საზრდოობენ ხელისუფლებით, ხომ და მეც, ჩვენც, დავინახეთ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და იმ მოძალადეებს შორის, პირდაპირი გაგებით, რომლებიც თავს დაესხა ჩვენს მეგობრებს, თანამოაზრეებს, არანაირი განსხვავება არ აქვს.

ისინი ფეხაწყობილები, ხმაშეწყობილები, დიახაც, სრულ კოორდინაციაში არიან წლების განმავლობაში. ეს მაინც ძალიან კარგად ვიცი, 2020 წლიდან დღემდე მოყოლებული რა ხდება კონკრეტულად გლდანის რაიონში. იქ დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს რამდენიმე პირი და არიან პირდაპირ დაკავშირებული პოლიციასთან, მოქმედებენ ერთად, ერთობლივად. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით. აქ თუ ვინმეს სხვა მოსაზრება აქვს ან დააფიქსირებს სხვაგვარ მოსაზრებას, ამ ადამიანს არაფერი საერთო არ აქვს ობიექტურობასთან. დიახაც, ჩემთვის დღეს ყველა ის პოლიციელი, ვინც ხელს აფარებს კრიმინალს, არის ისეთივე კრიმინალი და ამათთან ბრძოლა, მათ წინააღმდეგ ბრძოლა, არის პატივი.

"დიღმის სამმართველოში, სადაც დროებითი დაკავების იზოლატორია და ვიყავი, იქ დასაქმებულ თანამშრომლებზე ვერაფერს ცუდს ვერ ვიტყვი. თუმცა მანამდე ორ სხვადასხვა სართულზე ვიყავი და გადაჭარბების გარეშე, არაფერი განსხვავება "ქართული ოცნების" ოფისს და დიღმის მთავარი პოლიციის სამმართველოს შორის, შენობის გარდა, არ არსებობს. ეს არის პარტიული დაწესებულება, რამდენიმე ცალკეული გამონაკლისის გარეშე", - აცხადებს მელია.

ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძის და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი გადაიდო.

მორიგი სხდომა 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.