ჩვენ დღეს თვითონ რეჟიმის განაჩენი მოვისმინეთ. რეჟიმმა საკუთარ თავს გამოუტანა ასეთი უსამართლო განაჩენი, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს მძიმე პოლიტიკური წნეხი აქვს.

"ჩვენ დღეს თვითონ რეჟიმის განაჩენი მოვისმინეთ. რეჟიმმა საკუთარ თავს გამოუტანა ასეთი უსამართლო განაჩენი, რაც აჩვენებს იმას, რომ სასამართლოს აქვს მძიმე პოლიტიკური წნეხი, მოსამართლეებს არ აქვთ არანაირი თავისუფლება, თვალი გაუსწორონ იმას, რომ ამ საქმეში ცარიელი ყდა არის, ცარიელი ბრალდებაა და რომ არანაირი მტკიცებულება არ არის. 

მოსამართლე საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა, როდესაც ჰყვებოდა წარსულში უკვე დაწერილ განაჩენზე მომავალში რას იზამს.  როდესაც ამბობს, რომ მოსამართლე იმსჯელებს უკვე დაწერილ განაჩენზე, სადაც ვერცერთ მტკიცებულებას ვერ ასაბუთებს, უბრალოდ კვალიფიკაციის შეცვლით აჩვენებს კიდევ უფრო მძიმე დარღვევას ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა.

ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს  თავისუფლების 2 წლით და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა,  ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი 2-წლიანი პატიმრობა.