ყველა ამ შემზღუდავი კანონის მიზანი და არსი არის ის, რომ შეიზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება და მედია, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის შეფასება არის უმწვავესი.

"ვენეციის კომისიის შეფასება არის უმწვავესი და ასეთი იშვიათად ხდება ხოლმე, თუმცა ქართულ რეალობაში მივეჩვიეთ უკვე, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან კრიტიკული შეფასებები ისმის იმ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რასაც "ქართული ოცნება" იღებს. ეს არის რეპრესიული და შემზღუდველი კანონი და მოსალოდნელიც იყო, რომ ის კანონები, რომელიც ვენეციის კომისიამ შეაფასა, სწორედ ასეთ შეფასებას დაიმსახურებდა.

ვენეციის კომისია ამ კანონებს აფასებს ერთადაც და ცალკეც და მნიშვნელოვანია, რომ კონტექსტისთვის სამივე ეს აქტი ერთობლიობაშიც არის განხილული იმიტომ, რომ არ შეიძლება ეს აღვიქვათ ცალ-ცალკე საკანონმდებლო რეგულაციებად.

ყველა ამ შემზღუდავი კანონის მიზანი და არსი არის ის, რომ შეიზღუდოს სამოქალაქო საზოგადოება და მედია", - 
განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ვენეციის კომისიამ “ქართული ოცნების" მიღებული „უცხოური გავლენის“ კანონპროექტი - მათ შორის „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი (GEOFARA), გრანტების შესახებ ცვლილებები და მაუწყებლობის რეგულაციები  მკაცრად გააკრიტიკა და მათი გაუქმება ან ძირეული გადახედვა რეკომენდაციად შესთავაზა. კომისიის შეფასებით, „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი შეიცავს გაფართოებულ და გაურკვეველ განმარტებებს, რაც “ქართულ ოცნებას" აძლევს საშუალებას, შერჩევითად და პოლიტიკურად გამოიყენოს ის.