ეს ერთადერთი რამის გამოვლინებაა, ის დაერია შიდა გარემოცვას, მის უახლოეს გარემოცვას, მიადგა, მათ შორის, ბიზნესმენებს, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ან უნდა ექვემდებარებოდე ბიძინა ივანიშვილს, ან დაგაკავებენ ნებისმიერი ბრალდებით.

"გაშლეგებული ივანიშვილი ამჯერად გიორგი რამიშვილს, "ზარალას" მიადგა და ეს ერთადერთი რამის გამოვლინებაა, რასაც ამდენი დღეა ვსაუბრობთ, რომ ის დაერია შიდა გარემოცვას, მის უახლოეს გარემოცვას, მიადგა, მათ შორის, ბიზნესმენებს. ზოგს მოსთხოვა ფული -  "იცი, რა, ან მოიტან ფულს, ან ირაკლი კობახიძესთან მთავრობის კანცელარიაში მიხვალ და ჩამოართმევ ხელს, აღიარებ". არცერთი არ გააკეთა, როგორც ჩანს, "ზარალამ", ასე იცნობს გიორგი რამიშვილს ყველა ბიზნესში და შესაბამისად, სჯიან ამ მიმართულებით. ანუ, ან უნდა ექვემდებარებოდე ქვეწოლას, ბიძინა ივანიშვილს ფეხქვეშ გაერთხა, ან არა და, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგაკავებს ნებისმიერი ბრალდებით, მას არ გაუჭირდება იარაღის ჩადება, ნებისმიერი რამის გაკეთება. არ აქვს მნიშვნელობა ვისკენ იყავით, ვისკენ ხართ. მას შეუძლია, ნებისმიერ დროს ეს გააკეთოს და უნდა ხვდებოდეს ბიზნესმენთა დიდი უმრავლესობა -  დუმილი ინდულგენცია არ არის. დუმილით ვერ იყიდით თავისუფლებას " , - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

კომპანია "სილქნეტის" მფლობელი გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიზნესმენს აეროპორტში, ხელბარგის სკანირებისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.