დაკავებული პოლიტიკოსების სია შეიძლება იყოს უსასრულო, გირაოს გადახდაზე ნამდვილად არ გადის რაიმე ხაზი და ზოგადად, დაკავება-არდაკავების საკითხი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია პოლიტიკოსების დაკავების გამო შეიქმნა.

"დაკავებული პოლიტიკოსების სია შეიძლება იყოს უსასრულო, გირაოს გადახდაზე ნამდვილად არ გადის რაიმე ხაზი და ზოგადად, დაკავება-არდაკავების საკითხი. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ დაკავების გადაწევა და დროის მოგება, როცა რეჟიმი გადაწყვეტს, რომ გირაოგადახდილი პოლიტიკოსებიც უნდა დააკავოს, მაშინვე დააკავებს. 

ცხადი იყო, რომ ეს კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ თავიდან მოიშორონ ის პოლიტიკოსები, რომლებიც რეჟიმს ხელს ან ნერვებს უშლის.

2024 წლის არჩევნებზე გამოიყენეს გაყალბების ძალიან დახვეწილი გზები, მაგრამ მაინც ვერ მიიღეს იმ ხმების რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ. მათ იცოდნენ, გაყალბებით, შანტაჟით რამდენს მიიღებდნენ, მაგრამ კიდევ რაღაცის იმედი ჰქონდათ, რომ მიიღებდნენ ბუნებრივი მხარდამჭერებისგან უფრო მეტს, მაგრამ ვერ მიიღეს. ამით რეჟიმმა დაინახა, რომ მას არ ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც ფიქრობდა და ამიტომ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ის პოლიტიკური პარტიები უნდა გაანეიტრალოს, რომელსაც წლები დისკრედიტაციას და დემონიზაციას უწევდა. სხვა გზა, გარდა შიშველი ძალადობისა, "ქართულ ოცნებას" არ დარჩა", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.