ეს ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლებას, როგორც ხელისუფლებას არ განიხილავენ, - ამის შესახებ  "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ გერმანიის მიერ ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის უკიდურესი ფორმა სამოკავშირეო პოლიტიკაში.

"ძალიან იშვიათ გამონაკლისს აკეთებენ ალბათ, როდესაც, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის მიმართ და საერთოდ მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ამ გადაწყვეტილებას იღებენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლებას, როგორც ხელისუფლებას არ განიხილავენ.

ეს არის უკიდურესი ფორმა სამოკავშირეო პოლიტიკაში გამოხატულების იმიტომ, რომ ვიდრე სანქციებამდე მივა სახელმწიფო, ის, მანამდე ყველა რესურსს ამოწურავს ხოლმე იმისთვის, რომ ჯერ კიდევ რაღაცნაირად მორიგების დიალოგის, მეგობრის დარწმუნების ფორმა მოხდეს. ეს ნიშნავს, რომ მათ აღარ აქვთ არანაირი იმედი იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმი რაიმე ფორმით შემობრუნდება დემოკრატიისკენ", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.