საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ვიქტორ ორბანს შეუძლია, 40-45%-ით შეინარჩუნოს ძალაუფლება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, წლები ვიქტორ ორბანი ამყარებდა თავის ძალაუფლებას და მას ძალიან კონსოლიდირებული ძალაუფლება აქვს.

"ეს არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ რუსეთისთვის, აშშ-ისთვის. რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტები არიან ვიქტორ ორბანის მხარდამჭერები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის კავშირისთვის.

ზოგადად, უნგრეთში არ არის ევროპისთვის დამახასიათებელი ვითარება, წლები ვიქტორ ორბანი ამყარებდა თავის ძალაუფლებას და მას ძალიან კონსოლიდირებული ძალაუფლება აქვს, აკონტროლებს აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტს, თითქმის სრულად - მედიას, ძალიან ხშირად წერენ აკადემიური გამოცემები, რომ მას, ფაქტობრივად, მიტაცებული აქვს სახელმწიფო. ამის ნაწილი, ალბათ, არის საარჩევნო კანონმდებლობაც, რომლის მიხედვითაც, ვიქტორ ორბანს შეუძლია, 40-45%-ით შეინარჩუნოს ძალაუფლება", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ხმების დათვლის შემდეგ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია "ტისა" ლიდერობს.

ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანი თანამდებობიდან გადადგება.