სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობა კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება.

სახალხო დამცველი წერს, რომ შესწავლილი საქმეების მიხედვით, კვლავ იკვეთება ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა.

“სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს არასრულწლოვანთა ნიშნობის ან ქორწინების მიზნით დადებული გარიგების კრიმინალიზაციის აუცილებლობაზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად, არც 2025 წელს გადადგმულა”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს გაზრდილია არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი, თუმცა შემცირებულია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა.

“სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად 287 არასრულწლოვანი მშობელი აღირიცხა”, – აღნიშნულია ანგარიშში.