ვიკრიბებით პენიტენციურ სამსახურთან 14:00 საათზე. ერთად დაველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს უნდა დადგეს საბოლოო გადაწყვეტილება ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

“რამდენიმე წუთში, ელენე ხოშტარიას მოინახულებს თავისი მკურნალი ექიმი, რომელიც კიდევ ერთხელ გასინჯავს. ის აქედან, რუსთავის ქალთა დაწესებულებიდან პენიტენციურ სამსახურში გაემართება, სადაც ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით, გადამწყვეტი შეხვედრა შედგება. დღეს უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე, ამიტომ კიდევ ერთხელ, ელენე ხოშტარიას მეგობრები, თანამებრძოლები ვიკრიბებით პენიტენციურ სამსახურთან 14:00 საათზე. ერთად დაველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ის უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში. მას აქვს გაუსაძლისი ტკივილები. ამ ტიპის ტკივილით ციხეში ყოფნა უთანაბრდება ადამიანის წამებას, ამიტომ აქედან ერთადერთი ადეკვატური გამოსავალი არის მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.