ეს არის ივანიშვილის ახირება, რომ ყველა, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, დააკავოს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" უამრავი წევრი, რომელთა შორის ბატონი ზვიადიც აღმოჩნდა, - ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურადაა მოტივირებული ზვიად კუპრავას წინააღმდეგ საქმე.

"ზვიად კუპრავა არის პოლიტიკური ტყვე, რომელიც დაკავებულია თავისუფალი სიტყვის გამო და გასაგებია, რომ მას არანაირი სტანდარტით არ ჩაუდენია დანაშაული, მისი "Facebook live" საერთოდ არავის არ უქმნიდა საფრთხეს და არც სახელმწიფოს ინტერესს, ეს არის ივანიშვილის ახირება, რომ ყველა, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, დააკავოს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" უამრავი წევრი, რომელთა შორის ბატონი ზვიადიც აღმოჩნდა იმის გამო, რომ ის იყო მებრძოლი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზვიად კუპრავას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს წევრ ზვიად კუპრავას ბრალდება 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.