არანაირი მოტივაცია, არგუმენტი, არანაირი სამართლებრივი საკითხი არ ყოფილა მითითებული იმ შესაბამის ბრძანებაში, რომელიც გამოცემულ იქნა ყადაღასთან დაკავშირებით. დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სრულიად დაუსაბუთებელი იყო ყადაღა, რომელიც მათ  მიერ გასაჩივრდა ეროვნულ დონეზე.

"დაიწყო იმ ყადაღის საკითხის განხილვა, რომელიც შარშან აგვისტოში პოლიტიკური ნიშნით იქნა გამოყენებული ორგანიზაციების მიმართ. მანამდე ანალოგიური ღონისძიება სხვა ფონდების მიმართაც იქნა გამოყენებული. სრულიად დაუსაბუთებელი ყადაღა იყო, რომელიც ჩვენ მიერ გასაჩივრდა ეროვნულ დონეზე, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში საქმე წავიდა სტრასბურგის სასამართლოში. ეს საკითხი 25 ივნისს დაკომუნიცირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან. მათ დაევალათ სამართლებრივი პასუხების წარმოდგენა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიწყო ამ საკითხის განხილვა და ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხს სასამართლო დროულად განიხილავს. იმედი გვაქვს, რომ მალე გამოვა შესაბამისი გადაწყვეტილება. არანაირი მოტივაცია, არგუმენტი, არანაირი სამართლებრივი საკითხი არ ყოფილა მითითებული იმ შესაბამის ბრძანებაში, რომელიც გამოცემულ იქნა ყადაღასთან დაკავშირებით. დარწმუნებულები ვართ გამარჯვებაში", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქართული ხუთი სამოქალაქო ორგანიზაციის - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის", „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ და „საფარის" საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივარი განსახილველად მიიღო.