თავიდან მაკავებენ, ახალი საქმე დაიწყო, გზის გადაკეტვაო, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი უგულავამ წინასწარი დაკავების იზოლატორთან განაცხადა.

მისი თქმით, მას ახალი ბრალი წაუყენეს.

"სასამართლოზე არ მივდივარ, თავიდან მაკავებენ. ახალი საქმე დაიწყო, გზის გადაკეტვაო, ხალხის დაშინებას ცდილობენ, არაუშავს", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

გიგი უგულავა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოიყვანეს, თუმცა მალევე უკან შეაბრუნეს.

"თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებს ბრალდება შეეცვალათ და გამოძიება ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება. თავდაპირველად აღნიშნული პირები ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული.

"თბილისი მოლის" წინ გამართული აქციის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს: გიგი უგულავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი წიგნაძე, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე.